დარეჯან ეზუგბაია - ჰობიტონის დამფუძნებელი
შვილების შეძენის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი პრიორიტეტი იყო ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხი. თესეუს პედაგოგიკის ფაკულტეტზე მიღებული ცოდნასა და სასკოლო პრაქტიკას დავაშენე ადრეულ და სკოლამდელი განათლების სხვადასხვა მეთოდების შესწავლა. 2013 წელს გადავწყვიტე გამეხსნა ადრეული განათლების სივრცე და გუნდთან ერთად მემუშავა პროგრამაზე, რომელიც იქნებოდა ბავშვებისა და მშობლების ინტერესებსა და ბავშვების საჭიროებებზე მორგებული. ამ დრომდე, ადმინისტრირებისა და სწავლების კუთხით დიდი და რთული გზა გავიარეთ.
ჩვენი აქტივობები ფარავს განვითარების 5 სფეროს, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული ბავშვის განვითარების სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად. ამას მოჰყვება ჯანსაღი ცხოვრების წესი, მეცნიერება, ხელოვნება და წიგნიერება. აქტივობების დაგეგმვისას ვცდილობთ ბავშის ინდივიდუალური განვითარება გავითვალისწინოთ.
აქტივობები მოიცავს როგორც შიდა, ასევე ეზოს თამაშებს, ამინდის, სეზონისა და პროგრამის გათვალისწინებით. პერიოდულად გვაქვს გასვლითი ღონისძიებები მუზეუმებში, კონტაქტურ ზოოპარკში და ტყის ბაღს კონცეფციით ინსპირირებულ ლოკაციებზე ლისის ტბის მიმდებარედ.
ბოლო წელია დავიწყეთ საერთაშორისო თანამშრომლობის კომპონენტის განვითარებაზე ზრუნვა და ამ მიზნით, ამა წლის მარტის ბოლოს ვიმყოფებოდი იტალიის კუნძულ მურანოზე არსებულ ერთ-ერთ წარმატებულ ბაღში. სასიხარულო იყო იმის ხილვა, რომ ღირებულებათა შკალა საერთო გვქონდა, მიდგომები და პროგრამაც მსგავსი მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო. ბაღის გუნდს საქართველოში ამ წელს ველოდებით.
ზეიმები უკვე კარგა ხანია ჩავანაცვლეთ პროექტებით, რომელზეც ვმუშაობთ მშობლების აქტიური მონაწილეობით. მშობლებთა კმაყოფილების კვლევას ვატარებთ პერიოდულად. კიდევ უფრო მეტი სიხშირით გავცემთ ინფორმაციას ბავშის განვითარების პროგრესისა თუ გამოწვევების შესახებ. ვფიქრობთ, რომ მშობლებთან დიალოგი და თანამშრომლობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი ბაღის წარმატებას.